English Version

არის კონცეფცია, თუ საითკენ უნდა განვითარდეს უნივერსიტეტი, ამ კონცეფციას ჩვენ ,,ცოდნის კაფე” დავარქვით. ის მიმართულია იმისკენ, რომ სტუდენტებმა, პროფესორებმა და მკვლევრებმა უნივერსიტეტის გარემოში მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი. ჩნდება კითხვა - რას ემყარება სწავლის, კვლევისა და ინტერაქციისათვის კომფორტულობის პრინციპი?

როდესაც შუა საუკუნეებში პირველი უნივერსიტეტი შეიქმნა, ის იყო ყველაზე უსაფრთხო და მოხერხებული ადგილი სწავლისა და კვლევისათვის. გაიარა 8 საუკუნეზე მეტმა ხანმა, მაგრამ უნივერსიტეტის სტრუქტურა არ შეცვლილა, ჩვენ ისევ ისე ვასწავლით დიდ აუდიტორიებში, ისევ ისე ვაკეთებთ ჩვენი სასწავლო გეგმის კონსტრუირებას აუდიტორიებზე ორიენტირებით, Fიზიკური სივრცისა და სასწავლო დონის გადაკვეთაზე ორიენტირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარემოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ: შემოვიდა ონლინე სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, უნივერსიტეტები კვლავ ჯიუტად აგრძელებენ იმ ძველ შუასაუკუნეობრივ ინფრასტრუქტურაში არსებობას.

პრინციპი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ,,ცოდნის კაფეთი”, არის უნივერსიტეტის მომავალი, მისი სივრცეების ისეთნაირად გადაიარაღება და მოწყობა, რომ სტუდენტებმა ისევე იგრძნონ თავი კომფორტულად და დაცულად, როგორც შუა საუკუნეებში.

თვითონ ეს პროცესი, როდესაც პროფესორი დგას აუდიტორიაში და გარკვეული ხნის განმავლობაში ჰყვება გარკვეულ ინსტრუქცას, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გავლენით საჭირო აღარ არის, ონლინე და საინფორმაციო ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ სავსებით შესაძლებელია, პროფესორმა ინსტრუქციის ნაწილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლება, ან იცვლება მცირედით, ჩაწეროს სტუდენტისათვის მოხერხებულ ფორმატში და სტუდენტმაც მოუსმინოს ამ ლექციას მისთვის ყველაზე უფრო კომფორტულ დროს თავის ტელეფონში, კინდლე-ში, იპად-ში ან ნებისმიერ სხვა ადგილას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით მცირდება პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობის დრო. სინამდვილეში ხდება პირიქით. პროფესორს ონლინე-რეჟიმში სჭირდება ბევრად ნაკლები დრო, ვიდრე ცოცხალ და დიდ აუდიტორიაში, შესაბამისად, გათავისუფლებული დრო კვლავ უბრუნდება სტუდენტს და იზრდება სემინარების, ანუ ინტერაქციის დრო. ამით ჩვენ ვამბობთ, რომ დიდი აუდიტორიებისაჭირო აღარ არის. რომელ ლექციასაც არ უნდა დაესწროთ, ნახავთ, რა ხდება დიდ აუდიტორიაში, რაღაცა პერიოდის შემდეგ არის სრული უყურადღებობა, სტუდენტები სხედან, გახსნილი აქვთ ლEპტობები, ან აგზავნიან ესემესებს, ყოველ შემთხვევაში, მე გამონაკლისი არ მინახავს არც ერთ უნივერსიტეტში.

Online-ლექციები საშუალებას აძლევს სტუდენტს, მოუსმინოს ლექციას ხელშეშლის გარეშე როგორც უნდა და როცა უნდა.

თავისთავად ეს ცვლილება უზარმაზარ ფინანსურ და ინფრასტრუქტრულ ცვლილებებს და მოგებას იძლევა. თუ არ გვჭირდება დიდი აუდიტორიები, ჩვენ შეგვიძლია ეს აუდიტორიები გამოვიყენოთ რეკრეაციული სივრცეებისათვის, გამოვიყენოთ ისეთი ადგილების კონსტრუირებისათვის, სადაც სტუდენტები და პროფესორები შეხვდებიან ერთმანეთს და უკვე მაქსიმალურად არაფორმალურ ატმოსფეროში შეეცდებიან, მოაწყონ დისკუსია და მივიდნენ იმ საინტერესო ინოვაციურ იდეებამდე, რომლებიც, როგორც ცნობილია, ძირითადად ჩნდება არაფორმალურ ატმოსფეროში. შედეგად კი მოსალოდნელია ბევრად უფრო მეტი სინერგია, ბევრად უფრო მეტი ინოვაცია, ბევრად უფრო საინტერესო ცხოვრება, ვიდრე არის ახლა.